კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს, შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები.
დღეს, 8 დეკემბერს კულტურის სამინისტროში მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგი ჩაატარა. ადგილზე გასაშუქებლად მისული ტვ პირველის გადამღები ჯგუფი შენობაში არ შეუშვეს.
მოგვიანებით, კულტურის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვას შეზღუდვის მიზეზის შესახებ, უპასუხა, რომ ის არის არა კრიტიკული, არამედ "აღვირახსნილი" მედიის წარმომადგენელი.
ჟურნალისტი, რომელიც კულტურის სამინისტროს შენობაში იყო, ამბობს, რომ საშვთა ბიუროში, წინა პრაქტიკის მსგავსად კონკრეტული ტელევიზიები შეუშვეს, რომლებიც წინასწარ გადაცემულ სიაში ჰყავდათ.
დღევანდელის ნაცვლად მხოლოდ ჟურნალისტების ნაწილი შეუშვეს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე 22 ნოემბერს. მედიის ნაწილი არც მიიწვიეს.
2021 წლის 11 ნოემბერს იდენტური ფორმით შეიზღუდა ჟურნალისტთა უფლებები იუსტიციის სამინისტროს მიერ.
მედიაკოალიციის შეფასებით, მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე.
ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. აღნიშნული შემთხვევები კი ეწინააღმდეგება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ წესებს.
კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.
ამასთანავე, კოალიცია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველ პირს, რათა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში:
- შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია;
- მოამზადოს და შესაბამის დაწესებულებებს / პირებს გაუგზავნოს ზოგადი წინადადებები დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე". - აცხადებს მედიაკოალიცია და მიუთითებს, რომ მზად არის, წარმოადგინოს ჟურნალისტების და მედიაორგანიზაციების ინტერესები სადავო საკითხის განხილვის დროს.